მაისი - იასამნის ყვავილობის დრო...
ამ ულამაზეს ყვავილს, რომელსაც ამავე დროს ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს, ჩვენ ძირითადად დეკორაციული მიზნით ვიყენებთ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ინტერიერისა და ბაღების გალამაზების გარდა მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და ხალხურ მედიცინაში საკმაოდ წარმატებით გამოიყენება.
იასამანი მხოლოდ 3 კვირის მანძილზე ყვავის გაზაფხულზე, თუმცა ისეთი ჯიშები, როგორიცაა ჟოზე და ბუმერანგი, წლის მანძილზე რამდენჯერმე ყვავილობს.
იასამანში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ფერმენტების აქტივობაზე. ამას გარდა, იგი დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს. უამრავი დადებითი თვისების წყალობით იასამანს გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი მოქმედება.
იასამნისგან ამზადებენ ნაყენებს, ჩაის, კომპრესებს, მალამოს. მის გაუშლელ კვირტებს სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად იყენებენ.
მცენარის ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ თირკმელში კენჭებისა და ტკივილის დროს. მოსამზადებლად საჭიროა 2 ს.კ. იასამნის ფოთლებს დავასხათ 1 ჩ.ჭ. წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავდოთ თბილ ადგილზე 2-3 საათის მანძილზე, შემდეგ გავწუროთ და დავლიოთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე. კურსი უნდა გაგრძელდეს 2 კვირა.
იგივე ფოთლების ნაყენი გამოიყენება მარილების, რევმატიზმის, სახსრების ტკივილისა და პოდაგრის დროს. ამ შემთხვევაში ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 100 გ. ახალ ფოთლს დავასხათ 1 ლ. არაყი და 2 კვირის მანძილზე გავაჩეროთ ბნელ ადგილზე. ამგვარი სითხე მივიღოთ 30 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე. უფრო მეტი ეფექტის მისაღებად, ამგვარი ნაყენით შეიძლება დავისრისოთ მტკივნებული ადგილები.
იასამნის ყვავილები შველის რევმატიზმს, კუჭის მოქმედების დარღვევასა და მალარიას.
იასამნის ფოთლების ნახარში გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლადაც.
იასამნის ფოთლის ნახარში გამოიყენება გაციებისას, ზედა და ქვედა სასუნქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად, ხველებისა და ბრონქიტის დროს.
რევმატოიდული ართრიტის დროს კარგი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს იასამნის ყვავილებისგან მომზადებულ მალამოს. მოსამზადებლად საჭიროა 2 ს.კ. მშრალი ყვავილები ავურიოთ 2 ს.კ. ნაღების კარაქში და შევიზილოთ მტკივნეულ ადგილზე.
იასამნის ყვავილების ნაყენი კი შველის ნევრალგიას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
იასამნის ჩაი ხსნის თვალის უპეების ჩაშავებას. ამისათვის უნდა მოხარშოთ იასამნის ყვავილები, გააჩეროთ 7 წთ, გაწუროთ, გააგრილოთ, დაასველოთ მასში ბამბა და დაიდოთ თვალებზე 10 წთ. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დილით და საღამოს.
სამედიცინო მიზნით იყენებენ იასამნის ხის ქერქსაც. მისგან დამზადებულ ნაყენს უსმევენ დერმატიტით დაავადებულ კანზე. იგივე ნაყენი ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში რევმატიზმის, სახსრების ტკივილისა და ოსტეოქონდროზის დროს.
იასამნის არომატი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ხსნის დაღლილობას.
და ნუ დაგწყდებთ გული იმის გამო, რომ ყვავილის მოწყვეტა გენანებათ. იასამნის ბუჩქს დროდადრო სჭირდება კიდეც გამოხშირვა ნორმალური ყვავილობისთვის.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ იასამანი შეიძლება მომწამვლელიც აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ მისი გამოყენებისას აუცილებელია არ გადავაჭარბოთ მითითებულ დოზებს, ხოლო გამოყენებამდე აუცილებლად გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია.